შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკა...
28-03-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც, მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მომხდარ შემთხვევამდე, აღნიშნულ პირებს შორის შესაძლო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება არ ფიქსირდება.